
“ანიმეები, ვიდეო თამაშები, წიგნები და კომიქსები – გულწრფელი რომ ვიყო, ამ ყველაფერს გაცილებით მგრძნობიარედ აღვიქვამ, ვიდრე რეალურ სამყაროს. ჩემი გული აქაა, ამიტომაც მინდოდა შემექმნა ნამუშევარი, რომელიც ამ ემოციებს ასახავდა, ოღონდ, არაპირდაპირი გზით” – ასე იწყებს საუბარს თავისი ბოლო ალბომის, 2017 წლის Romaplasm-ის შესახებ უილ უიზენფილდი.
BATHS-ის სახელით ცნობილი 27 წლის ამერიკელი მუსიკოსი საერთაშორისო სცენაზე ჯერ კიდევ ახალი გამოჩენილი იყო, როდესაც სამხრეთ კალიფორნიის საზოგადოებრივმა რადიომ მას “2010-იანი წლების ელექტრონული მუსიკის ახალი დიდი წარმომადგენელი” უწოდა, თუმცა, ამ შეფასებამდე მან მუსიკალური ძიებების თავისებური და არასტანდარტული გზა გაიარა.
4 წლის უილი მშობლებისგან მოითხოვს, რომ ფორტეპიანოზე შეიყვანონ. ხანგრძლივი კლასიკური მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ ის თავად ეუფლება კონტრაბასს, გიტარასა და ალტს, ხოლო 14 წლის ასაკში პირველ სამოყვარულო ჩანაწერებს ქმნის, პარალელურად დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს ხმებს, განსაკუთრებით კი წყლის ხმებს აბაზანის მიღებისას. სწორედ ამიტომ, ელექტრონული პროექტის Post-Foetus-ისა და ემბიენთ ჟღერადობაზე ორიენტირებული Geotic-ის შემდეგ, უილი მუსიკალურ სცენაზე BATHS-ის (“აბაზანები”) სახელით გამოდის და მალევე იქცევა ამერიკული და ევროპული მუსიკალური მედიის ახალ ფავორიტად.
აბაზანის, წყლის, მცენარეების ხმები და საწერი კალმების წკაპუნი რომანტიულად ერწყმის BATHS-ის სპეციფიურ ვოკალ პარტიებს, რომელიც როგორც წესი ფალცეტში სრულდება და მის მუსიკალურ თავისებურებებს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.
BATHS-ის ჩანაწერები კალიფორნიულ ინდი ლეიბლ Anticon-ზე გამოიცემა, რომელიც ჰიპ-ჰოპზე, ელექტრონულ მუსიკასა და ინდი-როკზეა ორიენტირებული. BATHS იმავდროულად არის საუნდტრეკის ავტორი ვიდეო თამაშისა Dream Daddy, ხოლო სხვადასხვა დროს უმუშავია ისეთ არტისტებთან ერთად როგორიცაა Daedelus, Flying Lotus და სხვები.