MUZAME #11

XIU XIU: ლეგენდარული ამერიკელი ხელოვანისა და მულტიინსტრუმენტალისტის, მუსიკალურ გამოცემა Pitchfork-ის მიერ “ანდერგრაუნდის შესანიშნავ ანომალიად” წოდებული ჯეიმი სტიუარტის ექსპერიმენტალური პროექტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის 2000-იანი წლების თანამედროვე ჟღერადობის შექმნაში. Xiu Xiu 2001 წელს დაიწყო, როდესაც კლუბიდან მარტო გამოსული ჯეიმი ფიქრობდა “ყველა უბედურებაზე, რაც მის თავს ხდებოდა”. მოგვიანებით ის ამბობს, რომ ჯგუფის მუსიკასა და კონცეფციაზე დიდი გავლენა კალიფორნიის პირატულმა რადიოებმა იქონია, სადაც ჰაუსს, ფრისტაილს და ტექნოს უსმენდა. მისი აზრით, ეს მუსიკა ცეკვაში სევდისგან დაცლის მუსიკაა, რამაც განაპირობა მისი პროექტის მძიმე და ტრაგიკული ჟღერადობა. გარდა ამისა, ჯეიმი ინსპირაციას იღებდა ბრიტანული პოსტ-პანკის, თანამედროვე კლასიკური მუსიკის, ნოიზის, აზიური პერკუსიების, ამერიკული ფოლკლორისა და 50-იანი წლების როკენროლისგან. შთაგონების მრავალფეროვანი წყაროები სათანადოდ აისახა Xiu Xiu-ს 15 წლიან შემოქმედებაში, რომელიც სხვადასხვა ჟანრებს, მუსიკოსებსა და პროდიუსერებს შორის მუდმივი მოგზაურობაა – როკი, ელექტრონული, საორკესტრო და ინდუსტრიული მუსიკა, ნოიზი და სინთპოპი ის ჟანრებია, რომელთა შორისაც სტიუარტი გამუდმებით ეძებდა საკუთარ, უნიკალურ ჟღერადობას. ტექსტები კი ეხება ოჯახს, პოლიტიკას, სექსს, სიყვარულს, მარტოობასა და სუიციდს და წარმოაჩენს მათ ურთიერთმიმართებას.
2002 წელს გამოდის ჯგუფის პირველი LP Chapel of the Chimes, ხოლო იმავე წელს ალბომი Knife Play. 2003 წელს მამის, მუსიკოსისა და პროდიუსერის, მიშელ სტიუარტის სუიციდი დეპრესიაში მყოფ ჯეიმის მომდევნო ალბომის Promise-ს გამოცემის შთაგონებას აძლევს, რომელიც  მუსიკოსის მძიმე ემოციურ მდგომარეობას ასახავს.
2004 წლის პოპ მიმართულებით გამორჩეული ალბომი Fabulous Muscles დიდ წარმატებას მოუტანს Xiu Xiu-ს და ბენდი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცევა. მომდევნო რელიზში La Forêt ბენდი აქტიურად იყენებს საორკესტრო ინსტრუმენტებს მანდოლინი, ჰარმონიკა, კლარნეტი და ჩელო.
2010 წლის Dear God, I Hate Myself, 2012 წლის Always და 2013 წლის ნინა სიმონესადმი მიძღვნილი ალბომი Nina, Xiu-Xiu-ს, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი, შთამბეჭდავი და უკვე ლეგენდარული ბენდის იმიჯს ამყარებს, ალბომები უმაღლეს შეფასებებს იღებს მსოფლიოს მუსიკალურ მედიაში.
2014 წელს კიდევ ორი ალბომის რელიზიდან ორ წელში, 2016 წელს Xiu Xiu-ს პოპულარობა პიკს აღწევს, როდესაც ჯგუფი მარკ ფროსტისა და დევიდ ლინჩის სერიალ Twin Peaks-ის საუნდტრეკის ქავერ ალბომს უშვებს Plays The Music Of Twin Peaks. მუსიკალურმა გამოცემა Pitchfork-მა ალბომს “ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი და ულამაზესი ნამუშევარი” უწოდა.
2017 წელს გამოვიდა Xiu Xiu-ს ახალი ალბომი Forget, რომლის პროდიუსერიც ლეგენდარული ჯონ კონლიტონია (Sigur Ros, Blondie). ალბომში მოწვეულ მუსიკოსად წარდგა კომპოზიტორი Charlemange Palestine, ლეგენდარული პოსტ-პანკ ჯგუფის, Swans-ის ინსტრუმენტალისტი კრისტოფერ ჰანი და ლეგენდარული დრეგ არტისტი Vaginal Davis.  
Xiu Xiu-ს შემოქმედება მოიცავს კოლაბორაციებს ისეთ არტისტებთან როგორიცაა დევენდრა ბენჰარტი, Grouper, Swans, Psychic TV და სხვები. შექმნა მუსიკა ვიეტნამელ-დანიელი კონცეპტუალ არტისტის Dahn Vo-ს ინსტალაციისთვის, მიიღო მონაწილეობა მოცარტის ოპერის “ჯადოსნური ფლეიტის” ექსპერიმენტალური ვერსიის შექმნაში. სტიუარტს თანამედროვე მუსიკის გენიოსს უწოდებენ.

VAZHMARR : მუსიკოსი და პროდიუსერი. მისი მუსიკა და ცოცხალი შესრულება IDM-ის, ემბიენტის, მელოდიური ტექნოსა და სხვადასხვა ჟღერადობის ნაზავია.
 

Promo Links
Please Login to buy tickets