Muzame #14

Psychic TV რევოლუციული ბრიტანელი არტისტის, პერფორმერისა და მუსიკოსის, Genesis P-Orridge-ის აუდიო-ვიზუალ არტ ჯგუფია. 1982 წელს შექმნილი ჯგუფის შემოქმედება წარმოადგენს სახელოვნებო სივრცისთვის შოკისმომგვრელი ცვლილებების, ექსპერიმენტების, მაგიური პერფორმანსებისა და ჟანრიდან-ჟანრში მუდმივი ძიებების ერთობლიობას. ეისიდ ჰაუსის, პოპის, ტექნოს, ფსიქოდელიისა და ნოიზის შერწყმამ Psychic TV ინდუსტრიალი მუსიკის უმთავრეს ჯგუფად აქცია.

 
Psychic TV-მდე ჯენეზის ფი-ორიჯი იყო ავტორი დადაისტური მოძრაობით შთაგონებული არტისტული კოლექტივისა COUM Transmissions, ინდუსტრიული მუსიკის ფუძემდებელი ჯგუფისა Throbbing Gristle და იდეოლოგიური კოლექტივისა Thee Temple ov Psychic Youth. ჯენეზისის და მისი ჯგუფების შემოქმედება განსაკუთრებული სიმწვავით, პორნოგრაფიაზე, სექსა და კრიმინალის თემებზე აპელირებით მუდმივ ეპატაჟსა და პროვოკაციებს უწყობდა საზოგადოებას, ეჭქვეშ აყენებდა ტრადიციულ სოციალურ ნორმებს, იბრძოდა ძალაუფლებისა და ისტებლიშმენტის წინააღმდეგ. ხმაურიან პერფორმანსებს ხშირად კონსერვატორი პოლიტიკოსები ეხმაურებოდნენ და მათ ავტორებს “ცივილიზაციის მტრებად” მოიხსენიებდნენ. ამის გამო ფი-ორიჯი საკუთარი სამშობლოდან, დიდი ბრიტანეთიდანაც კი იყო გაძევებული. თუმცა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პროექტი უამრავ მიმდევარს იჩენდა სახელოვნებო წრეებში, არტისტებსა და ანარქისტებში, მემარცხენე ქვიარ მოძრაობებში.

 
ჯენეზის ფიორიჯის ყველაზე ცნობილ არტ პროექტად Pandrogeny Project ითვლება. პროექტი გულისხმობდა ექსპერიმენტს საკუთარ სხეულზე. ჯენეზისის და მისი მეუღლის, ლედი ჯეის თქმით, მათი სიყვარული იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ მათი სული ერთ მთლიანობას ქმნიდა. მაშასადამე, მათი სხეულიც ერთი უნდა ყოფილიყო. რამდენიმეწლიანი ქირურგიული ჩარევების, სხეულის/სქესის მოდიფიკაციისა და პლასტიკური ოპერაციების შემდეგ, ჯენეზისი და მისი მეუღლე გენდერულად ნეიტრალურ, გარეგნულად იდენტურ ადამიანებად იქცნენ. როგორც თავად განაცხადეს, მათ სულთან ერთად, მათი სხეულები ერთ მთლიანობაში მოექცა. Pandrogeny Project დღემდე სიყვარულის ერთ-ერთ- უდიდეს აქტად და სასიყვარულო ურთიერთობებში გენდერული საზღვრების სრული გაქრობის შთამბეჭდავ განხორციელებად ითვლება. ამ აქტმა წყვილი ქვიარ მოძრაობის სამაგალითო პერსონებად აქცია.

 
ლედი ჯეის ტრაგიკული გარდაცვალებისა და დროებითი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ჯენეზისმა აქტიურად გააგრძელა მოღვაწეობა, აღადგინა ჯგუფი Psychic TV, გამოუშვა ახალი ალბომები, ატარებს გამოფენებს, ლექციებს და მუდმივად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო საკონცერტო ტურნეების ფარგლებში.

Please Login to buy tickets