
STEPHANE: მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელია აქტუალურია. სტეფანე მოღვაწეობას 1997 წლიდან იწყებს, როდესაც თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოაქვს ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა. ამ პერიოდიდან მისი “არ მოხვალ ჩემთან”, “მოდუნდი” და “წამოდი” მსმენელის ყურადღების ქვეშ ექცევა, როგორც ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახალი და რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობის მქონე კომპოზიციები. 2000-იან წლებში სტეფანე წერს ცნობილი ქართული პოპ სიმღერის “დიდხანს გელოდი” ქავერ ვერსიას, რომელიც მსმენელს განსაკუთრებულად უყვარდება. იმავე პერიოდში იწერება დუეტი “ხელები” მაია დარსმელიძესთან ერთად, რომელიც დღემდე მუსიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტია. 2009 წელს პროექტი “სტეფანე და 3G” დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, მომდევნო წელს სტეფანე ხდება პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც MTV Europe-ს ჩარტებში ხვდება, ხოლო 2010 წელს მონაწილეობას იღებს პროექტში MTV Live Georgia.სტეფანეს არაერთ მიუზიკლსა და მუსიკალურ გადაცემაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2017-ში გამოშვებული მუსიკალურიი ქავერ ვერსია “ჩემი აღარა ხარ მორჩა” ყველაზე დიდ ონლაინ ჰიტად იქცა და საუკეთესო შეფასებები მიიღო მსმენელისგან.მუსიკოსის თქმით, მისი მთავარი შთაგონების წყარო ადრეულ ასაკში გახლდათ შვედი მუსიკოსი ჯეი ჯეი იოჰანსონი, ხოლო მოგვიანებით ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მულტიინსტრუმენტალისტი Prince. სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც თან მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის.
HAMATSUKI: მამუკა ცხადაიას პროექტია, რომელიც HOROOM-ის ოთახის და ამავე სახელწოდების ქვიარ ივენთების სერიის რეზიდენტი დიჯეია. მას მსმენელი პროექტ Slime Quest-დანაც იცნობს. მამუკას პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებები J. Dilla -ს, Nujabes-ს და ზოგადად ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება, რამაც მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. ელექტრონული მუსიკით კი იგი პირველად DJ Sprinkles-ის მოსმენის შემდეგ დაინტერესდა, მისთვის განსაკუთრებით ინსპირაციული აღმოჩნდა ლეიბლების Scissor and Thread და Lobster Theremin ჟღერადობა, რაც მოგვიანებით HAMATSUKI-ს კომპოზიციებზეც აისახა. “ ჩემთვის დეტალებზე მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის ან ემოციის გადმოცემაა. შესაბამისად, შეიძლება ეს პროექტის მთავარ ღერძად ჩავთვალოთ. ერთ-ერთი დეტალი ისიც არის, რომ არასდროს არ ვწერ სპეციალურად საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილ ტრეკს“ – მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში HAMATSUKI ნაკლებად ორიენტირდება ცალსახად საცეკვაო მუსიკაზე, HOROOM-ის რეზიდენტობის ფარგლებში ის მეტწილად ჰაუსს და Lo-Fi ჟღერადობას გვიზიარებს. მამუკა ერთდროულად რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე მუშაობს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე საინტერესო რელიზია დაგეგმილი.