MUZAME #8

THE KVB: ბრიტანელი მუსიკოსის, Klaus Von Barrel-ის აუდიო-ვიზუალური პროექტია, რომელიც მძიმე პოსტ-პანკ, ინდუსტრიულ ჟღერადობასა და ჰიპნოტურ, ფსიქოდელიურ ვიზუალურ იმიჯებს აერთიანებს. 2010 წელს ლონდონში დაწყებულ მუსიკალურ სოლო ექსპერიმენტს, რამდენიმე რელიზის შემდეგ მალევე დაემატა ვიზუალ არტისტი Kat Day და 2012 წელს დუოს პირველი სრული ალბომი Always Then გამოვიდა. 2013 წელს The KVB-თი ლეგენდარული ფსიქოდელიური როკ ჯგუფი The Brian Jonestown Massacre დაინტერესდა და ერთობლივი ტურნე გამართეს. იმავე წელს The Brian Jonestown Massacre-ს ლეიბლზე A Recordings გამოვიდა ჯგუფის მომდევნო ალბომი Minus One, ხოლო Cititraz-ზე გამოიცა რემიქს-EP Immaterial Visions, სადაც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა პროდიუსერებმა, როგორიცა Shifted, Regis, Silent Servant და Worn. 2014 წელს კლაუსი გაცილებით მძიმე და აგრესიული მუსიკალური სოლო პროექტით Burma Camp-ითაც წარსდგა მსმენელის წინაშე. გამორჩეული ინდივიდუალური სტილის, იმიჯისა და თანამედროვე ჟღერადობის გამო The KVB-თი მუსიკოსი და პროდიუსერი, Portishead-ის წევრი ჯეფ ბეროუ დაინტერესდა. 2015-ში ბეროუს ლეიბლ Invada-ზე ჯგუფის ახალი ალბომი Mirror Being გამოიცა. იმავე წელს მათ ერთობლივი ტურნე გამართეს ინდუსტრიული მუსიკისა და ეისიდ ჰაუსის პიონერებთან, თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, საკულტო ჯგუფ Psychic TV-სთან ერთად. 2016 წელს გამოშვებულმა ალბომმა …Of Desire-მ, რომელსაც ახლა უკვე ჯგუფის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევენ, The KVB-ს პროფილი მნიშვნელოვნად გაზარდა. კრიტიკოსები მათ თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ პროექტად ასახელებენ და ხშირად მოიხსენიებენ ისეთი მნიშვნელოვანი არტისტების გვერდით, როგორიცაა Tropic of Cancer და The Jesus and Mary Chain. “ჩვენს შემოქმედებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ხელოვნება, კინო, მოგზაურობა, ყოველდღიური ცხოვრების სევდა და პრობლემები, რომლებიც რაღაც უკეთესის შექმნისკენ გვიბიძგებენ” – აცხადებენ მუსიკოსები, რომელთა მუსიკასა და ვიზუალურ შემოქმედებაზე ეს გავლენები საუკეთესოდ აისახება.

TETE NOISE: მუსიკოსი და პროდიუსერი. მისი ექსპერიმენტული შემოქმედება, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუსიკალუღ ჟანრებს მოიცავდა, ამჟამად ემბიენტისა და საუნდ-კოლაჟების მრავალფეროვანი სინთეზით გამოირჩევა, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის ცოცხალი შესრულებისას.

VAZHA MARR: მუსიკოსი და პროდიუსერი. მისი მუსიკა და ცოცხალი შესრულება IDM-ის, ემბიენტის, მელოდიური ტექნოსა და სხვადასხვა ჟღერადობის ნაზავია.

KOZMANA: სანდრო კოზმანაშვილი, DJ და პროდიუსერი, 2014 წლის “ელექტრონავტების” გამარჯვებული. მისი სეტები მძიმე ტექნო ჟღერადობითა და ელექტრონული ექსპერიმენტებით ხასიათდება.


 

Please Login to buy tickets